პულპიტი, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

პულპიტი, მისი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

პულპიტი არის კბილის პულპის, ანუ მის შიგნით არსებული რბილი ქსოვილის ანთება, რომელიც მოიცავს ნერვებს, სისხლძარღვებს და შემაერთებელ ქსოვილს. 

პულპიტის გამომწვევი მიზეზები:

  1. კარიესი – ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როდესაც ბაქტერიები აღწევენ კბილის ზედაპირზე და იჭრებიან პულპაში.
  2. კბილის ტრავმა – კბილის მოტეხვა შეიძლება იყოს მიზეზი რომელიც ბაქტერიებს პულპამდე წვდომის საშუალებას აძლევს.
  3. კბილის ცვეთა ან ეროზია –ბრუქსიზმი (კბილების ჭარბი ღეჭვა) ან მჟავის ზემოქმედებით კბილის ზედაპირის დაზიანება.
  4. არასწორი მკურნალობა – არასწორმა სტომატოლოგიურმა პროცედურებმა შეიძლება გამოიწვიოს პულპის გაღიზიანება ან ანთება.

პულპიტის ტიპები:

პულპიტს შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი ფორმა:

შექცევადი პულპიტი:

ეს ფორმა მოიცავს პულპის მსუბუქ ანთებას, რომელიც ჯერ კიდევ განკურნებადია, თუ მიზეზი დროულად აღმოიფხვრება. კბილის კარიესი ან მცირე ტრავმა იწვევს გართულებას, მაგრამ პულპა ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და მისი აღდგენა შესაძლებელია. მკურნალობა მოიცავს კარიესის მოშორებას და კბილის აღდგენას ნერვის სტრუქტურის შენარჩუნებით.

სიმპტომები:

  • ტკივილი და მგრძნობელობა ცხელზე და ცივზე, მაგრამ ტკივილი გადის გამღიზიანებლის მოშორების შემდეგ.
  • ტკივილი არ არის მუდმივი 

შეუქცევადი პულპიტი:

ეს ფორმა გულისხმობს პულპის ნერვის და სისხლძარღვების უფრო მძიმე და შეუქცევად დაზიანებას, რაც ხშირად საჭიროებს ან კბილის არხების მკურნალობას. შეუქცევადი პულპიტი გამოწვეულია ბაქტერიების ღრმა შეჭრით, რის შედეგადაც პულპა იწყებს დაშლას. თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ფესვის ირგვლივ ქსოვილებში და გამოიწვიოს პერიოდონტიტი.

სიმპტომები:

  • ძლიერი, ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს პულსირებადი.
  • ტკივილი მუდმივია და შეიძლება გამწვავდეს ღამით.
  • სიცხესა და სიცივეზე ძლიერი მგრძნობელობა, რომელიც არ ქრება გამღიზიანებლის მოშორების შემდეგ.
  • ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს ყბაში ან სახის სხვა ნაწილებში.

მკურნალობა:

შექცევადი პულპიტის შემთხვევაში, ძირითადი მიზანია კბილის აღდგენა და პულპის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. ეს მოიცავს:
კარიესის მოცილებას და კბილის შევსებას.
პულპის დამცავი მასალების გამოყენება მგრძნობელობის შესამცირებლად, როგორიცაა ბიოკერამიკული ფუთი.

შეუქცევადი პულპიტის შემთხვევაში, მკურნალობა უფრო ინტენსიურია:

  • კბილის არხების მკურნალობა (ენდოდონტია): კბილის არხებიდან ინფიცირებული პულპის მოცილება და არხების გასუფთავება ინსტრუმენტებით, ირიგაცია, შემდეგ კი საბჟენი მასალით მისი შევსება. ხშირად არასაკმაისი ქსოვილის გამო ასეთ კბილებს სჭირდებათ ხელოვნური გვირგვინის გაკეთება.
  • კბილის ექსტრაქცია (ამოღება): თუ კბილის აღდგენა შეუძლებელია, შესაძლოა საჭირო გახდეს კბილის ამოღება და მის ადგილას პროთეზის ან იმპლანტის გაკეთება

პულპიტის პრევენცია:

პულპიტის თავიდან აცილება შესაძლებელია ყოველდღიური ჰიგიენის და რეგულარული ვიზიტით სტომატოლოგთან.

  • რეგულარული კბილების წმენდა, კბილების ძაფის გამოყენება და პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა, რომელიც ექიმ სტომატოლოგმა უნდა შეგირჩიოთ.
  • კარიესის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა.
  • კბილების რეგულარული შემოწმება პროფილაქტიკურ ვიზიტზე სტომატოლოგთან.