ღრძილის ანთებითი დაავადებები

ღრძილის ანთებითი დაავადებები

ვინ არის პაროდონტოლოგი?

პაროდონტოლოგი არის ექიმი-სტომატოლოგი, რომელიც სპეციალიზდება ღრძილის დაავადების პრევენციაში, დიაგნოზირებასა და მკურნალობაში.

კონკრეტულად კი ეს დარგი შეისწავლის კბილის გარშემო მაგარი და რბილი ქსოვილების მდგომარეობებს, რომელთაც პაროდონტი ეწოდება. ჯანმრთელი პაროდონტის რბილი ქსოვილები (ღრძილი) ვარდისფერია და მჭიდროდ ეკვრის კბილს, რენტგენოლოგიურ სურათზე კი მაგარი ქსოვილი (ძვალი) კბილთაშუა სივრცეებს თითქმის ბოლომდე ავსებს.

ჯანსაღი ღრძილი გადამწყვეტია საერთო პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ის ქმნის კბილების საყრდენს, იცავს მათ და ქმნის ვარდისფერ ესთეტიკას.

პაროდონტის ანთებითი დაავადებების მიზეზები და სიმპტომები:

პაროდონტის ქსოვილების დაავადების პირველი გამომწვევი მიზეზი კბილებზე რბილი და მაგარი ნადების არსებობაა, რომელიც მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგია, კბილზე არსებული ბიოაპკი იწვევს ღრძილების ანთებას, რომელსაც გინგივიტი ეწოდება.

თუ არ მოხდა დროული მკურნალობა, პროცესი შეიძლება გადაიზარდოს პაროდონტიტში, ღრძილიების დაავადების უფრო მძიმე, დესტრუქციულ და შეუქცევად ფორმაში, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კბილების მორყევას და მათ დაკარგვას. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, რომ პაროდონტიტის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და სისტემური დაავადებები (მაგ. დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.). 

პაროდონტის დაავადების სიმპტომები:

  • წითელი, შეშუპებული ან სისხლმდენი ღრძილები
  • მუდმივი ცუდი სუნი (ჰალიტოზი)
  • ღრძილების შემცირება (რეცესია)
  • კბილების მორყევა და გადანაცვლება 

მკურნალობა და პრევენცია:

პაროდონტის ანთებადი დაავადების მკურნალობა განსხვავდება მისი სიმძიმის მიხედვით. ადრეულ სტადიაზე შეიძლება საკმარისი იყოს პროფესიული წმენდა და პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება. მაშინ როცა ღრმად წასულ პროცესებს პროფესიულ წმენდასთან ერთად ესაჭიროება ფესვის ინსტრუმენტირება, მედიკამენტური და/ან ქირურგიული ჩარევა. 

პაროდონტოლოგიაში მთავარია პრევენცია. პაროდონტოლოგის მიერ პირის ღრუს  რეგულარული გამოკვლევა, ინდივიდუალური ჰიგიენის მეთოდების შერჩევა და  ჯანსაღი დიეტა. 

რეკომენდირებულია პაროდონტოლოგთან ვიზიტი  6 თვეში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნით.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ლამაზ ღიმილს!